თორნიკე რიჟვაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

02/08/2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აგრძელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. დღეს თორნიკე რიჟვაძე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„დღეს ჩვენ მსგავსი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით ვდგავართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე გვაერთიანებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიცაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორში, რასაც უკრაინიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობაც მოწმობს“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ გაგრძელდება ასევე ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0