თინა ხიდაშელს არანაირ პასუხს არ გავცემ, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს “რესპუბლიკელები”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არასოდეს არავის დაუწესებია და ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა. როგორც ალასანიამ განაცხადა, კოალიციაში იმდენად დაძაბული და რთული ვითარებაა, არ უნდა რაიმე დაამატოს ამას.
“მე ერთს ვიტყვი – რა პოლიტიკურ ჩარჩოებზეც მქონდა საუბარი და რასაც არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ეს არის ის, რომ პრაქტიკულად პროექტი საჰაერო თავდაცვის, რომელიც მომზადებული, ხელმოწერილი იყო, ამას უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ შესრულება და ზუსტი მიყოლა იმ ვადებს, რაც დაწესებული იყო. სამწუხაროდ, პოლიტიკური ჩარჩოები დაწესდა სწორედ ამ პროექტზე და ეს არის პრაქტიკულად დღეს შემცირებული ერთ მესამედამდე”, – განაცხადა ალასანიამ.
რამდენიმე დღის წინ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.
“ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიას ამ განცხადებას გუშინ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და ამ განცხადებებს სასაცილო უწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ხიდაშელისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არასოდეს არავის დაუწესებია.
“ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. მთელი ერთი წელია არ გამიცია პასუხი არც ერთი განცხადებისთვის, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პაექრობა. ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რთულად გასაგებია რატომ არ გცემენ პასუხს. საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე”, – განაცხადა ხიდაშელმა.