თინათინ ხიდაშელი ვარშავაში ნატოს სამიტზე გაემგზავრა

07/07/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში გაემგზავრა. ნატოს რიგით 28-ე სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, თინათინ ხიდაშელის ორმხრივი შეხვედრები და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ლიბერალ-დემოკრატი ლიდერების სამუშაო ლანჩზე დასწრება.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.
”ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთის მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0