თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას

23/06/2020

დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაწყო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კენჭისყრის დაწყებამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დრო აქვთ, შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი იქნეს მიჩნეული.

„ამიტომ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა კარგად ხედავს, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ამნისტიის შესახებ პროექტი შესთავაზა პარლამენტს. ამნისტიის პროექტი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს ეხება. მან ასევე საგზაო მოძრაობის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოების საკითხს ეხება, გარდა ამისა, მან მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობასა და საპარლამენტო განხილვის პროცედურის დროულ დაწყებაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, კონსტიტუციის ჰარმონიულობას ეხება. დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დიდია ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების“, ფრაქციის გარეშე დარჩენილი დეპუტატებისა და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ როლი. ამავე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს პარლამენტის წევრებმა ლევან კობერიძემ და გედევან ფოფხაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადებითად ფასდება ბექა ნაცვლიშვილის მიერ აღნიშნულ დეპუტატთა მონაწილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში.

„თითოეულმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ ცვლილებებს, მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და უდავოდ, მადლობას იმსახურებს ამისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ალექსანდრე ერქვანიამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ვუერთდები და პარლამენტის სახელით ოჯახს მინდა მივუსამძიმრო, ეს არის ძალიან მძიმე დანაკარგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების თაობაზე ისაუბრა.

„შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან, აჭარის ტელევიზიამ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, იყოს თავისუფალი და ემსახუროს გადასახადის გადამხდელს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ მეორე მოსმენით, „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოადგინა, რომელიც პარლამენტმა პუნქტობრივად განიხილა. ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის მოსაზრებით, მანდატები თანმიმდევრულად უნდა მიენიჭოს უკეთესი შედეგების მქონე იმ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებს, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს, რასაც მხარი დაუჭირა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. ირმა ინაშვილისა და გია ჟორჟოლიანის მიერ გამოთქმულ ტექნიკურ ინიციატივებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, თუ დეპუტატებს სურვილი აქვთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უკეთესი გარანტი.

„დღევანდელ კენჭისყრაში ჩვენი ფრაქციიდან წარმოდგენილ ცვლილებებს აქვს 7 ხმა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვის გზაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას.

„თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობის ცვლილებას.

„კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ ნორმას, რომლის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემას საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს 2021 წლის 1 იანვრამდე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ დეპუტატებს წარუდგინა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

„კანონპროექტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა შერჩეული პირის მეშვეობით და როგორც შემოწმების ფარგლებში, ასევე მიმდინარე რეჟიმში, გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება, მათ შორის, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე სანებართვო პირობების შემოწმება ჩაატაროს გასულ პერიოდზეც“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ეს ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა, პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საზოგადოებისთვის გაცილებით მაღალი ხარისხის ინტერესს წარმოადგენს აზარტული თამაშების სფეროში.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, რეგლამენტის პროექტით, ახლებურად რეგულირდება საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან, საპარლამენტო თანამდებობებთან და თანამდებობებისთვის დადგენილ გასამრჯელოსთან, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობებთან, კომიტეტის მუშაობასთან და კანონის პროექტის გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტმა განიხილა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებსა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს განსაზღვრავს. ერთ-ერთი ინიციატორის, სოფო კილაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება დასაქმების ძირითად ფორმებთან, დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებთან, მოწყვლადი ჯგუფების უპირატეს უფლებებთან და სახელმწიფოს ვალდებულებებთან, დასაქმების ხელშეწყობაში ჩართული სუბიექტების უფლება-მოვალეობებთან და დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. დეპუტატებმა განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი არ ემთხვევა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება მისთვის უწყების ჩაბარება, შესაბამისი რაიონული სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისთვის უწყების ჩაბარების მიზნით, უფლებამოსილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით, ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი კიდევ ერთი ცვლილება ერთ-ერთმა ინიციატორმა, კახა კუჭავამ წარმოადგინა. კანონის პროექტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ინიციატორმა, ზაზა გაბუნიამ გააცნო დეპუტატებს.
მისი თქმთ, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა დაახლოებით 850 000 ლარია. კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, კანონპროექტი ადგენს საქართველოში საინვესტიციო ფონდებისთვის შესაბამის წესებს, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელ წესებს და სამართლებრივი საფუძვლებს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დეპუტატებს გააცნო პარლამენტის დადგენილების პროექტი „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს, რომ აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით, აგრეთვე პარლამენტის დადგენილებით შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომელმაც 2020 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეისწავლოს სისტემაში არსებული მდგომარეობა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარმოადგინა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დაკორექტირდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საფუძვლები. ზუსტდება მუნიციპალიტეტის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნებისა და მასში გაწევრების საკითხები. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები მოწესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პლენარული სხდომა ხვალ 12 სთ-ზე განახლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0