თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი საშუალებას მისცემს დეპუტატებს საქმიანობა უფრო ეფექტურად განახორციელონ

01/07/2021

„თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი საშუალებას აძლევს ყველა დეპუტატს, თითოეულ ადამიანს, ბოლომდე იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება და იყოს პასუხისმგებელი, რომ დაწერს ანგარიშს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე – „თემატური მომხსენებლების როლი საპარლამენტო საქმიანობაში: საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტისთვის“ განაცხადა.
ღონისძიებაზე ევროპის ქვეყნების პარლამენტებში თემატური მომხსენებლების არსებული პრაქტიკის კვლევის შედეგები განიხილეს.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. თემატური მომხსენებლების პრაქტიკის მექანიზმის დანერგვისა და სრულფასოვნად ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მოიწვიეს საერთაშორისო ექსპერტი და კანადის პარლამენტის ყოფილი წევრი სარმიტ ბულტე, რომელმაც თემატური მომხსენებლების არსებული პრაქტიკა 16 ევროპული პარლამენტის მაგალითზე შეისწავლა. კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას იმ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომლებიც პარლამენტის საქმიანობის ეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან დაინერგა. მისი თქმით, ასეთი მექანიზმებია თემატური მოკვლევა, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი და თემატური მომხსენებლების ინსტიტუტი.

„კომიტეტში განვსაზღვრეთ კონკრეტული მიმართულებები და შემდეგ თითო დეპუტატს მივეცით საშუალება, აერჩია ის თემა, რომელზეც მომხსენებელი იქნებოდა და ამ მიმართულებით, ნებისმიერი საკითხი, რომლის ინიცირებაც მოხდებოდა, იყო მისი პასუხისმგებლობა. ეს იყო ის ფორმა, რომლითაც დაინერგა და შემდეგ ამ ფორმით აისახა რეგლამენტში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ის საკითხი, რომელზეც დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე კონკრეტული თემების გადანაწილება.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, მოიცავს ინტერვიუებს, საკითხების შესწავლას, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, სიტუაციურ ანალიზს და შემდეგ უკვე რეკომენდაციების წარდგენას“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი ფართოდ არის დანერგილი თითქმის ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში და განსაკუთრებით აქტიურად ამ მექანიზმს ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყენებენ. კახა კუჭავას თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თემატური მომხსენებლები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – თამარ ტალიაშვილი და გივი მიქანაძე, რომლებიც თემატურ საკითხებს ევროპის მასშტაბით სწავლობენ, აანალიზებენ და შემდეგ რეკომენდაციებს წარადგენენ.

„წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ფორმატის დანერგვა საქართველოს რეალობაში, როდესაც ეს შეიძლება იყოს თუნდაც კონკრეტული საკითხი, მაგალითად, რომელიმე ჰესის საკითხი, ან უფრო გლობალური საკითხი, ზოგადად, მაგალითად ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ინსტიტუტი სწორად დავნერგოთ. ამიტომ მადლობა UNDP-ს და ჩვენს სტუმარს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ამ საკითხის ღრმა ცოდნით და კარგად შეუძლია წარმოადგინოს არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, არამედ როგორ შეიძლება ეს მოვარგოთ საქართველოს პარლამენტს და რა საფეხურები უნდა გავიაროთ, რომ სრულფასოვნად შევძლოთ ამ ინსტიტუტის საბოლოოდ ისე დანერგვა, როგორც ყველა განვითარებულ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ კონტექსტში, კახა კუჭავამ დეპუტატებისა და კომიტეტების აპარატების თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამას და ევროკავშირს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0