თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დაზიანებული შვლის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

15/08/2017

თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დაზიანებული შვლის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა – ვეტერინარების ინფორმაციით, ცხოველს მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა. შველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ სოფელ მაღრაანში რჩება და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდება. ამ ეტაპზე მისი გადაყვანა არ იგეგმება, რადგან ტრანსპორტირებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა ცხოველის დაღუპვა გამოიწვიოს.
შეტყობინება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
ვეტერინართა კონსულტაციით, მაშინვე გადაწყდა, რომ შველი ადგილზე დარჩენილიყო, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0