თელავის ისტორიული აეროდრომის ადგილზე ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენება გვინდა. პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ, და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯამში ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი, თელავის აეროპორტი კი, დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, ეს არის თელავის აეროპორტი. თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში, დაახლოებით, ძალიან მალე დასრულდება. გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაჯდება ეს პროექტი. ახლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტიის, ამბროლაურის მიმართულებით, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობას გამოყოფილი აქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას, და ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი კიდევ უფრო დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტული გახდება და უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ისტორიულ მაქსიმუმთან არის მიახლოებული და დაგეგმილია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 3,5 კმ-მდე დაგრძელება.
„ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და, უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმთანაა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში, მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა, უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში, ალბათ, მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს. ამიტომ, ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ახლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორი პოლიტიკის შედეგად, მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება.
„ჩვენ მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის. მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელ განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები. ძალიან მაღალი აქტივობა არის, ზოგადად, ბიზნესსექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მლრდ ლარი, და ორ კვარტალში, ჯამურად, 92 მლრდ ლარს გადასცდა მთელი ბიზნესსექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ჩანს, ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში, და ეს ჩვენ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტის კორექტირება მოხდება, საინტერესო ინიციატივები და ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი.
„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ – 2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა, რომ დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ, როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 ში, განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა, მეგობრებო. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ადგილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და შეადგინა უკვე 737 000, რაც ძალიან მისასალმებელია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული.
„სიღარიბის დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე – 5.5 მლრდ დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება, და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი და, რა თქმა უნდა ამ ტემპებს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს. როგორც მოგახსენეთ, 0.9% არის ინფლაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. ფასები, როგორიც არის, მაგალითად, საწვავის, მედიკამენტების, სურსათის, ფართოდ მოხმარებადი პროდუქტების, არის ამ პროდუქტებზე დაკლებული ფასები, რეგულარულად შევამოწმებთ. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მასაც მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს ზოგადად მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე. ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ, კოორდინირებულ მოქმედებას ეროვნულ ბანკთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.