თეა წულუკიანმა თეთრიწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

25/11/2019

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 72-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ თეთრიწყაროში გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და მოწვეული სტუმრები. საზოგადოებრივი ცენტრი თეთრიწყაროსა და მიმდებარე 21 სოფლის − ასურეთის, ენაგეთის, შავსაყდრის, ჯორჯიაშვილის, ბოგვის, საღრაშენის, ფარცხისის, ტბისის, ჩხიკვთას, აბელიანის, ირაგას, ივანოვკას, ალექსეევკას, ჭივჭავის, ჯვარას, წინწყაროს, ხაიშის, გოლთეთის, დაღეთის, სამშვილდესა და მაწევანის 23 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.
საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც. თანამედროვე სტანდარტების შენობა თეთრიწყაროში, დიდგორის ქუჩა №8-ში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობა აღჭურვილია სპეციალურად შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსით. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რის გამოც ვიზიტორები მას აქტიურად სტუმრობენ. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. მიმდინარე წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ცაგერსა და ყაჩაღანში.
თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0