თეა წულუკიანი ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა

27/07/2016

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობს. თეა წულუკიანი ამბასადორიალის მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგა და მათ ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ხორციელდება. მინისტრმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე, სასამართლოს რეფორმასა და ღია მმართველობის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე.
იუსტიციის მინისტრმა ელჩებს საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი „საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიის პირველი ნაბიჯები − ქართველ დიპლომატთა აუდიო-ვიდეო მემუარები, XX საუკუნის 90-იანი წლები“ წარუდგინა. პროექტის მიზანია, საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო ფონდებში ადგილი დაიმკვიდროს და მომავალი თაობებისათვის შემოინახოს იმ ქართველი დიპლომატების აუდიო-ვიდეო მემუარები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ. ამბასადორიალზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ჩაწერილია 14 დიპლომატი. პროექტის პრეზენტაცია აგვისტოში ეროვნული არქივის ახალგახსნილ საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
თეა წულუკიანმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და ამბასადორიალის მონაწილეებს უწყებათაშორისი კომისიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, 29 ივნისის ბრძანებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.
ამბასადორიალი 2016 წლის 26 ივლისს გაიხსნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, პარლამენტის მუდმივი კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, საგანგებო დავალებათა ელჩები, დეპარტამენტის დირექტორები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.
ამბასადორიალი ოთხდღიანია და ის 29 ივლისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0