თბილისის მერის მოადგილის, ილია ელიშვილის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი ულტიმატუმებისა და წინაპირობების გარეშე დაუბრუნდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთი ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. დღეს მე მათთან მქონდა ძალიან ადამიანური, გახსნილი შეხვედრა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღევანდელი მათი გასვლა ხაზებზე ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე მოხდა. ამას ვამბობ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების სახელითაც. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მინდა, ამისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თანამშრომელთა მოთხოვნები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია.
„დასუფთავების ტექნიკის გადახალისება გრძელდება. ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო, თუმცა უახლოეს პერიოდში საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ. ხელფასებს რაც შეეხება, ჩვენ შეპირებული ვიყავით, რომ იანვრიდან მათ გაეზრდებოდათ ხელფასები და ამაზე ვმუშაობდით. ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი ძალიან ტექნიკური დეტალებია, რომელიც სამუშაო გრაფიკს შეეხება. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, დავსხდებით, განვიხილავთ და ერთობლივად გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელია მისაღები“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
„თბილსერვის ჯგუფის“ ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.