დედაქალაქში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ჩადო.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავს პროექტებს თბილისის მერიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
„მივესალმები მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომაროვის ფილიალი, სახელოვნებო სკოლები, ბიბლიოთეკები და სპორტული მოედნები განთავსდება. ასევე, ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში. მე, როგორც ქალაქის მერს, ორმაგად მიხარია მსგავსი წამოწყებები, რადგან ჩემი ქალაქის განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალში ქალაქის სხვადასხვა რაიონში განხორციელდება. ეს ყველაფერი კი კეთდება მომავალი თაობისთვის, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა გვყავდეს და მათი განათლება შემდეგ, ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი საბავშვო ბაღს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, კომაროვის ახალ სკოლას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებსა და ტექნოპარკს გააერთიანებს, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ. „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ ასევე, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები და საცხოვრებელი კამპუსი განთავსდება.
კომპლექსის მშენებლობისთვის დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, 129 778 კვ.მ ფართობი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია გამოყოფილი.