თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად თბილისში ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ალიბეგაშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ ახალგახსნილ დამტენ სადგურზე დამუხტული ელექტრომობილით სიმბოლურად თბილისის ქუჩებში პირველებმა გაიარეს.
ელექტრომობილების დამტენი სადგურები ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან გაიხსნა და მათი განთავსების პროექტი კომპანიის „E-Space” ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
დედაქალაქის მერიამ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისების მიზნით, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისათვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანიას „E-Space” უსასყიდლოდ გადასცა. ამასთანავე, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.
დედაქალაქის მთავრობა ქალაქში ელექტრომობილების უფასო პარკირების მიზნით, კომპანიასთან „სითი პარკი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას აღნიშნულ სადგურებზე უფასოდ შეძლებენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტომობილი მოძრაობს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.
2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება.
ელექტრომობილების დამტენი სადგურის გახსნას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, თბილისის მერიის და კომპანიის „E-Space” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თბილისში ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური გახსნა
05/11/2016