თბილისში ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

11/08/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის’’ გენერალურ დირექტორთან ნიკა გამყრელიძესთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასთან ერთად, ქავთარაძის ქ.N23-ში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში, ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნას დაესწრო.
თბილისის მერმა დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.
,,ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისელებს და თითოეულ ქართველს აღარ მოუწიოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა და ჩვენს დედაქალაქში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი! სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დღევანდელი დღე! ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი, თავისთავად გულისხმობს მეტ სამუშაო ადგილს, რასაც დედაქალაქისა და ქვეყნის მთავრობა ყოველთვის მიესალმება,’’- განაცხადა დავით ნარმანიამ.
დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. განსაკუთრებით განვითარებულია რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები. დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს დაფარავს, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის. ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ბენეფიციარს მოემსახურება. რთული სამედიცინო შემთხვევებისას ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების განხილვა ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციით.
2017 წლის ზაფხულში ამავე შენობაში ფუნქციონირებას უკვე ცენტრის ჰოსპიტალური ნაწილიც დაიწყებს, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითა და კომპიუტერული საოპერაციო ბლოკებით იქნება აღჭურვილი.
ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსმა“ განახორციელა და მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0