თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა. რაიმონდს ვეიონისი საქართველოში, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით, მეუღლესთან ივეტა ვეიონისთან ერთად ჩამოვა. მას მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაუწევენ.
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამუშაო სადილს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, 29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.
თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა
27/03/2017