„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება

06/07/2016

„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს. ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 31 ივლისამდე მიიღება.

შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ თავისი აზრი დააფიქსირონ თბილისობის თემასთან დაკავშირებით. შარშან დანერგილი ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად თბილისობა კონკრეტულ თემას ეძღვნება. შარშან დღესასწაული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას მიეძღვნა. თემასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ წინადადებები წარადგინონ თბილისის მერიაში. გარდა ამისა, მიმართონ მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურს FACEBOOK გვერდზე.

თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება. აღნიშნული კომისია, მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე იმსჯელებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს, ღონისძიების სრულყოფილად, შეუფერხებლად ჩატარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0