თბილისი სპორტულ ნარდში მსოფლიო თასს და მედია-ტურნირს უმასპინძლებს

19/04/2017

10 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართება სპორტულ ნარდში. 10-14 მაისს სასტუმროში „თბილისი მარიოტი” მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება სპორტულ ნარდში, 15-19 მაისს კი სასტუმრო „წყალტუბო პლაზა” საერთაშორისო მედია-ტურნირს უმასპინძლებს.
ტურნირებს ორგანიზებას უწევს საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო ფედერაციასა და საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. მსოფლიო თასის გათამაშების გენერალური სპონსორია კომპანია „აჭარაბეთი”.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია მედია-ტურნირის გამართვას ორგანიზებას უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროში განთავსების საკითხებსა და ასევე კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს, ტურნირების მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
მოახლოებულ ტურნირებთან დაკავშირებით, 19 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურნირის ორგანიზატორი გოდერძი ბუკია და ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი კახაბერ ნაჭყებია შეხვდნენ.
მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი. ორივე ტურნირზე ასპარეზობები გაიმართება ორ კატეგორიად – პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის.
მსოფლიო თასის გათამაშებაზე გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებთა შეჯიბრებები. ტურნირებზე დაწესებულია როგორც საპრიზო ფონდი, ასევე წამახალისებელი ჯილდოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0