თბილისი არის ის ქალაქი, სადაც ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პარტიას დედაქალაქის ამომრჩეველში დიდი მხარდაჭერა აქვს.
”ყველა კანდიდატი არის პროფესიონალი და გამოცდილი. ისინი არ შეაქცევენ ზურგს საზოგადოებას, არ გათიშავენ ტელეფონს პარლამენტში არჩევის შემდეგ. ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ განახლებული ლოგოც, რომელიც არის ძლიერების სიმბოლო”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, პარტია ორიენტირებულია, რომ ეკონომიკა და ცხოვრება გახდეს უკეთესი.”ქართული ოცნება” კონკურენტული ვერ იქნება, რადგან დახუნძლულია ნეგატივით, ხოლო რეიტინგი 20-მდეა ჩამოსული.
”მთელი ჩვენი რესურსი მიმართულია არა შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე, არამედ ხალხსა და მოსახლეობის აზრზე. ჩვენ ხალხს შევთავაზეთ და რეალურად გახდება პენსია 300 ლარი, საარსებო მინიმუმი – 250 ლარი, ხოლო ხელფასი იქნება მინიმუმ 500 ლარი. ეს არის, რაც ხალხს აინტერესებს”, – განაცხადა ალასანიამ.