თბილისის პროკურატურის ეზოში ქ. თბილისის ყოფილი პროკურორის მიხეილ ქურდაძის ბიუსტის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელზეც მიხეილ ქურდაძის მოღვაწეობა გაიხსენეს, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილეები – მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი, ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მიხეილ ქურდაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ჯილდოების, იუსტიციის უფროსი მრჩევლისა და პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდებების მატარებელმა მიხეილ ქურდაძემ, პროკურატურის სისტემაში 29-წლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი თაობა გაზარდა და განუზომელი წვლილი შეიტანა საგამოძიებო პრაქტიკის განვითარებაში.
წარმატებული საპროკურორო მოღვაწეობის პარალელურად, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორმა მიხეილ ქურდაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამართლის დარგის განვითარებაში და როგორც 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (თანაავტორობით), 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიცისტური სტატიის ავტორმა და ლექტორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მომავალი თაობების აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგთა შორის.
თბილისის ყოფილი პროკურორის მიხეილ ქურდაძის ბიუსტის გახსნა
30/05/2016