თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში
განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს.
თეთრი ხალათების რიგით მეხუთე ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა , პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. პროგრამის პირველკურსელებს მიესალმნენ და, ტრადიციულად, თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შეიმოსნენ .
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის გარდა ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი; აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის დეპატრტამენტის ქიმიური თავდაცვის ვიცე-სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი და ღონისძიებაზე მოწვეული სხვა საპატიო სტუმრები როგორც აშშ-დან, ისე საქართველოდან.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში – „ზაფხული ემორიში“.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა)
ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის
უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება: 2017 წელს პროგრამის პირველი მიღების სამი სტუდენტიდან სამივემ აღნიშნული გამოცდის პირველი საფეხური უმაღლესი ქულებით ჩააბარა. 2019 წელს პროგრამაზე სწავლას პირველი გამოშვების სტუდენტები დაასრულებენ.სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამავრებულებს მიენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
2017 წელს პროგრამაზე 120-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა
20/09/2017