თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს მიერ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილება გააცნო, რომლის თანახმადაც, წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ,ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე უზრუნველყოს როგორც მათი საჯაროდ გამოქვეყნება, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაცნობა და მათთან კონსულტაციების გამართვა.
ლია ჯახველაძის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილებები გადაწყვეტილების მიღების პროცედურას უფრო გაამარტივებს და ამასთან, სახელდების პროცესის გამჭვირვალეობასა და მასში დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 19 საკითხი განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, კერძოდ, სამგორის, ვაკის, საბურთალოს, ასევე კრწანისის, გლდანისა და ისნის რაიონებში არსებული ქუჩებისთვის სახელების მინიჭებას გულისხმობდა. მათ შორის, დეპუტატების ინიციტივით, ვაკის რაიონში მდებარე ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩას მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭება, ცნობილი მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის სახელი კი სანდრო ეულის ქუჩას დაერქმევა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად უშუალოდ განმცხადებლებიც ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოშო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
20/04/2017