დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის, „მართე შენი ქალაქის“ წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე დედაქალაქის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ პილოტ-პროექტის ამოცანებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტი 2016 წელს საპილოტე რეჟიმში მხოლოდ საბურთალოს რაიონში განხორციელდა და მისი მიზანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება და დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბებაა.
საპილოტე პროექტის მნიშვნელობაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ ისაუბრეს.
როგორც საკრებულოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, პროექტი სახელწოდებით „ მართე შენი ქალაქი”, დედაქალაქის განვითარებასა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებისკენაა მიმართული. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის მოწონების შემთხვევაში კი, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება შევა და ის – დედაქალაქის სხვა რაიონებშიც განხორციელდება.
საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის ფარგლებში, რაიონში მოქმედ ამხანაგობებთან მუშაობდა 30 ტრენერ-კონსულტანტი, რომელთა რეკომენდაციებითა და დახმარებით, 80 ამხანაგობაში მოხდა თავმჯდომარეების გადარჩევა, შეიქმნა ვებგვერდი www.martekalaki.ge, რომელიც ამხანაგობებს უფასოდ სთავაზობს ინდივიდუალური ვებსაიტების შექმნას, დაარსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაცია და განხორციელდა სამი კომერციული პროექტი – ამხანაგობების კუთვნილ ტერიტორიაზე, ვეფხისტყაოსნის N16-თან აშენდა სპორტული მოედანი პარკირების სივრცითა და ადმინისტრაციული შენობით, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ -ის მე-2 კორპუსის სახურავზე დამონტაჟდა სარეკლამო ბანერი და პეკინის N24-ის ფასადზე განთავსდა სარეკლამო მონიტორი. პროექტის ფარგლებში ობიექტების გაქირავებიდან შემოსულ თანხას ამხანაგობები თავად განკარგავენ , რომელიც მათსავე განვითარებას მოხმარდება.
როგორც ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, პროექტი 2017 წლიდან არა-საპილოტე რეჟიმში გაგრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამხანაგობების განვითარების შედეგად უნდა იყოს მიღწეული, გამართლდება.
თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის “მართე შენი ქალაქის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა
22/12/2016