დედაქალაქის საკრებულოში, 37 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 10, 8 მლნ ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტის პრიორიტეტები საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და დეპუტატებს მერიის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ანგარიშის წარდგენისას კახა კალაძემ ყურადღება როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-თი მეტია. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კი 327,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მლნ ლარით მეტია.
წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში კი 35,4%-ს შეადგენს.
კახა კალაძის განმარტებით, 2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მისივე თქმით, სპეციალური ტრანსფერის სახით მინიმუმ 75 მლნ ლარი, ასევე, გარდამავალი ნაშთი დაემატება.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სხდომაზე დედაქალაქის მერს 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეკითხვები საკრებულოს წევრებმა დაუსვეს, რაზეც კახა კალაძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, ამომწურავი პასუხები გასცა და დეპუტატების შეფასებები მოისმინა.
დღესვე, სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის ბიუჯეტი სპეციალური ტრანსფერით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს თანხა ავტობუსების შეძენას, მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, ვაგონების მოდერნიზაციას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დასუფთავების ღონისძიებებს მოხმარდება.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
25/12/2018