თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ

27/01/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ ვაშინგტონში გარემოს დაცვისა და ენერგორესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორ ტომი ველსთან, აგრეთვე ამავე დეპარტამენტისა და ამერიკის ტყის მეურნეობის საერთაშორისო განყოფილებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.
მხარეებმა ქალაქების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება და ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა ქალაქის, წყლის აუზებისა და წყლის სისტემის დასუფთავება, მწვანე სივრცეების დაგეგმარება და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ასევე დეტალურად გაეცნო ახალი შენობების ენერგო-ეფექტურად დაგეგმარების საკითხებს და ქალაქის დაგეგმარებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ჩართულობის კუთხით არსებულ რეგულაციებს. შეხვედრებზე საუბარი სარეკრიაციო სივრცეების მოწყობას, მათ შორის ვერეს ხეობის სამომავლო განვითარებას, თბილისის გარშემო არსებული ტყის მასივების მოვლა-პატრონობასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის საგანმანათლებლო ღონისძიებას შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ტყის მეურნეობის საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელი საქართველოს დედაქალაქში USAID-ის დაფინანსებით 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩამოვიდა და ვერეს ხეობის გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური კვლევა ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაემგზავრა. დელეგაცია დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების- ქეთევან ჯოხაძის, ნინო გოგუაძის, ლევან დარახველიძისა და თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის შემადგენლობით შეხვედრებს 25-29 იანვარს აშშ-ს სამ ქალაქში-ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ატლანტაში გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0