თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

24/01/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
დელეგაცია დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებისა და თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის შემადგენლობით შეხვედრებს 25-29 იანვარს აშშ-ს სამ ქალაქში-ვაშინგტონში, ნიუ იორკისა და ატლანტაში გამართავს და ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო მდივანს ლაურენ ვაუგანს, მერიის სხვადასხვა დეპარტამანტების ხელმძღვანელებს, ასევე USAID- ისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის დელეგაცია თვითმართველობის როლის, საქმიანობისა და პრაქტიკული გამოცდილების კუთხით ამერიკული მხარისგან რეკომენდაციებსა და ხედვებს მოისმენს.
შეხვედრებზე მხარეები ქალაქის ურბანული დაგეგმარების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებს განიხილავენ. ამასთან, გაეცნობიან ქალაქში პარკებისა და რეკრეაციული ზონების განვითარების, ავტოსადგომების მოწესრიგების, საცობებთან ბრძოლის, ასევე სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების განათლების მიმართულებით აშშ-ში არსებულ გამოცდილებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი 29 იანვარს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0