თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარემ – ალექსანდრე მარგიშვილმა ცენტრის გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას 2016 წლის გეგმები გააცნო. ანგარიშში წარმოდგენილი იყო გასულ წელს დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგები, რაც მოიცავს შემომყვანი ტურიზმის, ხალხური რეწვის და სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების კუთხით გაწეულ საქმიანობას. ასევე, მეწარმეთა უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების და საინვესტიციო რესურსების მოზიდვის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.
„2015 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის მთავრობამ და საკრებულომ ცენტრს დაუმტკიცა 3 მუნიციპალური პროგრამა. ჩვენ სამივე პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონიძიებები განვახორციელეთ. მათ შორის, ტურიზმის პროგრამის ფარგლებში 4 სხვადასხვა ქვეყნის ტურ-ოპერატორებისა და მედია საშუალებების 10-12 წევრისგან შემდგარი ჯგუფების ჩამოყვანა – ჯამში 44 ადამიანი, რომლებიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ; ორგანიზებული იქნა ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან ბიზნეს ფორუმები. ამავდროულად გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები „ყაზახეთის ტურისტულ ასოციაციასთან“ და „ბელორუსის ტურისტული ორგანიზაციების კავშირთან“. „ხალხური რეწვის დარგის განვითარების“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გასულ წელს კომისიამ დააკმაყოფილა 29 მეწარმე ბენეფიციარის განაცხადი გადაიარაღების თანადაფინანსებისთვის, გარდა ამისა 32 ბენეფიციარმა მონაწილეობა მიიღო 2-კვირიან საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, სადაც საკმაოდ წარმატებულად შეძლეს საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია. ფაქტობრივად, მეწარმეთათვის 6 თვის სტანდარტული შემოსავლების გენერირება მოხერხდა 2 კვირაში. „სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების დარგის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში ჯერ-ჯერობით დაფინანსდა ერთი სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელიც ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს, მასშტაბით იქნება ყველაზე დიდი თბილისში – ეყოლება 2,000 მომხმარებელი და შექმნის 20 მუდმივი სამუშაო ადგილს. მუნიციპალური პროგრამების პარალელურად „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა“ დაიწყო მუშაობა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც 6 ბიზნეს სუბიექტს გაეწევა განვითარებისათვის კონკრეტული რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმები მათი შემდგომი საქმიანობის წარმატებულად წარმართვის მიზნით. ასევე, სხვა 3 ბიზნეს სუბიექტისთვის საინვესტიციო რესურსების მოზიდვის ფარგლებში შემუშავდება დეტალური წინადადებები კაპიტალის მოზიდვის მიზნით. 2015 წელს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების პირველი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მენეჯმენტსა და მარკეტინგში გადამზადდა 100 ადამიანი“ – აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.