თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო

01/05/2024

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ დამცავი ბადები ეწყობა.

„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა – ჩამოიყარა ის ქვები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს და პრობლემას წარმოადგენდეს გზის ამ მონაკვეთისთვის, შემდეგ კი ხდება ანკერული მეთოდით შესაბამისი დამცავი ბადეებით შეფუთვა, რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ სამუშაოების ფარგლებში, ღამის საათებში კონკრეტული გზის მონაკვეთი იკეტება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღის განმავლობაში კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, სამუშაოები წლის ბოლოს სრულად დავამთავროთ და ის საფრთხე, რომელიც დაკავშირებული იყო კლდის აღნიშნულ ფერდთან, მოიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0