თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ. სამუშაო შეხვედრაში ასევე, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი მონაწილეობდა. მათ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისგან მოისმინეს მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებიან შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ამოქმედების თვალსაზრისით. ასევე, უპასუხეს მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
„მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. კანონში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც ამ ყველაფერს უსაფრთხოების მიმართულებით გააკონტროლებს. მხოლოდ ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა ჩვენ მიერ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, უბედური შემთხვევების სტატისტიკა შემცირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დღევანდელ შეხვედრაზე მათი მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები მოვისმინეთ. პროცესში ასევე, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენიც და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი კოორდინაციით, არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. სამუშაო შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სხვები ესწრებოდნენ.