თბილისის მერი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

05/10/2023

თბილისის მერი, კახა კალაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე თბილისში მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაშიც აქტიურად ჩაერთვება თბილისის მუნიციპალიტეტი. ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, დამოუკიდებლად შეავსოს აღნიშნული კითხვარი, რაშიც ჩვენც დავეხმარებით, ასევე, საჭიროა მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია აღნიშნული კვლევის, მისი მნიშვნელობის შესახებ და ამ პროცესშიც ვიქნებით ჩართულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში დაიწყო.

„მიმდინარე კვირიდან თბილისის სამ მუნიციპალიტეტში დაიწყო მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ქალაქში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას და მასში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას. სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელება და თბილისის ყველა რაიონს მოიცავს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

შეხვედრას, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე კახა გულედანი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ვალერი ჭიღლაძე, მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლები და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სამუშაოებს საქსტატის მიერ გადამზადებული 900-მდე პერსონალი განახორციელებს. მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები. მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0