თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე, რომელიც 3 ჰექტარზე მეტს მოიცავს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მისივე თქმით, პარკი მთლიანად მოწესრიგდება და ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი.
„ამას რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ. შეიძლება ითქვას, რომ წლების წინ, აქ იყო რაღაც პარკი, თუმცა, თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. ფაქტობრივად, განადგურებულია ყველაფერი, არაფერი არ არსებობს. ამ პროექტი ფარგლებში დაახლოებით 3 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოწესრიგდება. ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და უმაღლეს დონეზე შესრულდება სამუშაოები. კიდევ ერთი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით. თბილისის მერთან ერთად ვარკეთილის ხევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ. ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.