თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო სემინარს „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანსაღი ქალაქის პროექტი თბილისში და ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელი საქართველოში“. ღონისძიება თბილისის მერიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანაორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა. ეს არის პირველი ოფიციალური კონფერენცია საქართველოში ჯანსაღი ქალაქების თემატიკაზე.
„თბილისის მერია უცხოელ ექსპერტებთან ერთად 2021 წლიდან მუშაობდა ჯანმრთელი ქალაქების მე-7 ფაზის პროექტის განცხადზე, რომელიც მიღებულ იქნა და 2022 წელს თბილისი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანსაღი ქალაქების ქსელის წევრი. საქართველო სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც დგამს ამ მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 15 ოქტომბერს გამოსცა დადგენილება N510 „საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“. ამჟამად, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც საქართველოში დაფუძნდება ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელი. ამ ქსელის მაკოორდინირებელი უწყებაა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ღონისძიება თბილისის მერის მოადგილესთან ერთად გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ.
ღონისძიებაზე მოხსენებებითა და პრეზენტაციებით წარდგნენ როგორც თბილისის მერიის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. გარდა ამისა, კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს ჯანსაღი ქალაქების ევროპის ქსელის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის მერიების, საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროს, გაეროს, ჯანმოს, ჯანსაღი ქალაქების ევროპის ქსელის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშირისო ექსპერტები ურბანული დაგეგმარების და ფიზიკური აქტივობის სფეროებში. ჯანსაღი ქალაქების ევროპის ქსელი აერთიანებს 88 ქალაქს და 20 ეროვნულ ქსელს ევროპაში, რომლებიც ახორციელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და ვიზიტორების ჯანმრთელობის ხელშემწყობ პროექტებს. ჯანმო კი უზრუნველყოფს აღნიშნული ქსელის პოლიტიკურ, სტრატეგიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე მისი შესაძლებლობების განვითარებას.