თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

06/04/2022

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა კიდევ შვიდი ბინა შეიძინა. მისი თქმით, მიმდინარე წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები, დაახლოებით, 60 ბინით დაკმაყოფილდებიან, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით კი, ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, რაიონულ გამგეობებსა და მერიას მიმართონ.

„მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს გადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ერთი მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, მეორე მხრივ კი, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება, რომ კონკრეტულ ადგილებზე მსგავსი შემთხვევები არ მივიღოთ. მეორე მხრივ კი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით. შეიძლება პირველ ეტაპზე ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს, მაგრამ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, ამ ოჯახების ქირით გაყვანას ისე, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდებარე გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა. ყველგან, სადაც შესაძლებელია ადგილის ათვისება, გავაკეთებთ პროექტებს, რათა ჩვენი დედაქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული, სადაც უამრავი ადამიანი შეძლებს დასვენებას, გართობას, განტვირთვას. დავიწყეთ გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია. გზაგამყოფზე გაკეთდება ძალიან საინტერესო ბულვარი, სასეირნო, დასასვენებელი სივრცეებით. ამ პროექტს კიდევ ორი სივრცე შეემატება სარეაბილიტაციოდ. ესენია ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება, განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები. პროექტის ფარგლებში, კეთდება ველობილიკი, სასეირნო და სარბენი ბილიკები. მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 7.5 მლნ ლარს შეადგენს. თბილისის მერმა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, იწყება მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების პროცესში კი, ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

„თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. დედაქალაქში გვაქვს ხიდები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ეტაპზე კი მეტეხის ხიდით ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილზე ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში დაიწყება. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

„პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეტეხის ხიდი ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იგივე ნაბიჯებს ვდგამთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. კახა კალაძემ აქვე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მარტში, დიდთოვლობის დროს, დედაქალაქის გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იქ ამ კუთხით და აუცილებელია ამ სამუშაოების წარმოება. დასუფთავების ღონისძიება, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. „თბილსერვისს“ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მარტში, უჩვეულო დიდთოვლობის დროს, მათ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისთვის, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, მოძრაობა არ შეზღუდულიყო და საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შესძლებოდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფონიჭალის ხევში ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა. სხდომის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – ნოდარ ფალავანდიშვილი წარუდგინა.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი სიძლიერე გახლავთ იმაში, რომ ბევრი ღირსეული პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანი გვყავს. ისინი მრავალი წელია მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობენ. მათი ყოველდღიური საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დედაქალაქისთვის. დღეს რომ მერია კარგად არის წარმოდგენილი, მათი შრომის დამსახურებაა. დღეს წარმოგიდგენთ ნოდარ ფალავანდიშვილს, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტია. ბატონი ნოდარი, რომელიც პროფესიით გეოლოგია, გზების რეაბილიტაციის პროექტირების ნაწილში, გეოლოგიის ინსპექტირების მიმართულებით მუშაობს. ამასთან, აკვირდება მაღალსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების პროცესს და მეწყრული ზონების პრევენციისთვის, კვლევის ეტაპზე, გეოლოგიური მიმართულებით რეკომენდაციებს ამზადებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ნოდარ ფალავანდიშვილს 80 წლის იუბილეც მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„მისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, პროექტების შესრულების ხარისხიც და სანდოობაც მაღალია. ბატონ ნოდარს ხვალ 80 წელი უსრულდება. ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ბევრ წარმატებას ჩვენი ქალაქისთვის. ასეთი ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა ხელს უწყობს ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0