თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესი იწყება. ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად ცვლილება 8 მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს ურბანულ, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ზედამხედველობის, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს.
სტრუქტურული რეფორმა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად წარადგინა და რეფორმის მიზნები შეაჯამა.
„უმთავრესი არსი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ საქალაქო სამსახურები არამარტო აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და გამტარებლები იქნებიან. არსებითად გაძლიერდება კოორდინაცია სამსახურებს შორის და მერია კომპლექსურ და ყოველმხრივ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ამ რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ამ ცვლილებების მიზანი: ეს არის მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება; მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება; ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ადამიანებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, შემცირებული უნდა იყოს ბიუროკრატია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროგრამის განხორციელება და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან და გამჭირვალე მართვას.
სტრუქტურული რეფორმის თანახმად, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და ჩამოყალიბდება ახალ სამსახურად, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაზე, დაგეგმარებაზე და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
თბილისის მერის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.
ცვლილება იგეგმება თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურშიც, რომელიც გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება.
ახალი სამსახური არამარტო მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრის, მწვანე სივრცეების განვითარებისა და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნის მიმართულებით იმუშავებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქმშენებლობის პროცესში და კოორდინაციაში იქნება ურბანული განვითარების სამსახურთან, შეიმუშავებს ტყის მართვის პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ნებართვების გაცემას.
ახალი ფუნქციები დაემატება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. კერძოდ, ეს იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.
ორის ნაცვლად ერთ საქალაქო სამსახურში გაერთიანდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები. ამ მიზნით კულტურის საქალაქო სამსახურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის შერწყმა და ახალ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოხდება.
ერთ სივრცეში, ცენტრალიზებულად განხორციელდება მუნიციპალური სერვისები. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება.
“შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის ფარგლებში ეს ფუნქციები და ის პერსონალი, რომელიც ამ სერვისებს ახორციელებს, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური -არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ამ რეფორმის მიზანი არის მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დანერგვა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ცენტრალიზება. აქამდე, რაიონული გამგეობის მომსახურე პერსონალის კომპეტენცია, მათი მომსახურების სფერო ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონული მასშტაბით. რეფორმის შემდეგ, ყველა ეს თანამშრომელი მომსახურებას გასწევენ არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით“, – განმარტა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, ცენტრალიზებულად განხორციელდება შესყიდვებიც, საზოგადოებასთან კომუნიკაცია
ახალი ფუნქცია დაემატება ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც რეფორმირების შემდეგ დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებასაც უზრუნველყოფს.
სახელწოდება ეცვლება კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად ყალიბდება. რეფორმის მიზანი მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება, მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.