თბილისის მერი დავით ნარმანია სანდრო ეულის ქ. N5-ში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს.
თბილისის მერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტერიტორიებზე არსებული სპორტული კომპლექსების – მოედნების, საცურაო აუზების და ა.შ. შენარჩუნების ვალდებულების გარეშე, შესაბამისად, სანდრო ეულის ქ.#5-ში სამშენებლო ნებართვის გაცემა, ისე რომ ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის შენარჩუნების ვალდებულება, გახლავთ ნათელი მაგალითი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თბილისის მერიას დედაქალაქის წინა მმართველობისგან ერგო.
„სანდრო ეულის ქ.#5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი მიკრო-უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად დამტკიცებულია 2014 წლის 31 მარტს და დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკრო-უბნის განაშენიანების ნებართვა, სწორედ, დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდშია გაცემული და შესაბამისი იურიდიული პროცესიც ამ დროიდან იწყება. შესაბამისად, თბილისის მერიას დღეს, პროცესის ხელის შესაშლელად სამართლებრივი ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, საკუთრების უფლებას კი ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია იცავს.