თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ითვალისწინებს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას. სივრცე მოეწყობა ახლებურად, იზრდება სამუშაო საათები, ასევე ნაცვლად კვირაში 5 დღიანი მომსახურებისა, 6 დღე მოვემსახურებით მოქალაქეებს. სიახლე იქნება ისიც, რომ ბევრ მათგანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, არ მოუწევს ადგილზე მოსვლა და ელექტრონულად შეძლებს განაცხადის გაკეთებას. სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და გარდა მერიის მისაღებისა, მოქალაქეებს შეეძლებათ ასევე განაცხადები გააკეთონ ათივე რაიონულ გამგეობაში და შემდეგ, ეტაპობრივად, გამგეობებში მისაღებების მოდერნიზაციასაც ვგეგმავთ. საკმაოდ კარგი და საინტერესო პროექტია, რაც, ერთის მხრივ, მომსახურებას გახდის უფრო მეტად სწრაფს და, მეორეს მხრივ, გახდის უფრო მეტად ეფექტიანს. სამუშაოების დასრულებამდე ჩვენ მოქალაქეებს ვემსახურებით კოსტავას 72-ში, ამის შესახებ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკვე იციან და ცხელი ხაზის მეშვეობითაც ვავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ განაცხადებს დროებით ისინი ნაცვლად მერიის შენობისა აბარებენ კოსტავას 72-ში, ჩვენს ერთ-ერთ ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოში. სექტემბრის ბოლოდან მას შემდეგ, რაც ახალი, განახლებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, მათ უკვე შეეძლებათ ისევ შარტავას 7 ნომერში გააკეთონ განაცხადი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს შესთავაზებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და სრულად ადაპტირებულ სივრცეს, სწრაფ მომსახურებას, ასევე, გაზრდილ სამუშაო საათებს და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობას კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით). გარდა ამისა, მოქალაქეები მიიღებენ სრულფასოვან და კვალიფიციურ კონსულტაციას, სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ყველა რაიონულ გამგეობაში და მუნიციპალური სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონულადაც, სახლიდან გაუსვლელად.
მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები 1 აგვისტოდან დაიწყო. შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღება, დროებით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-შია შესაძლებელი.