დღეს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პროგრამის კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ესრებოდნენ. 25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად, ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, გავეცნოთ ხელოვნებას, მუსიკის საათი, მკითხველთა კლუბი, ფოტოხელოვნება, ანიმაცია და ეკოსაათი (გარემოს დაცვა). ფასები და პირობები: ვაკის ფილიალში 3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე 25 ლარს შეადგენს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლების პაკეტებით: 3 თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, 75-ის ნაცვლად გადაიხადოთ 60 ლარი. ფასდაკლება შეეხება საოჯახო პაკეტსაც: 2 ან მეტი ბავშვისთვის 3 თვიანი აბონემენტის ღირებულება 1 ბავშვზე 50 ლარია. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვაკის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას, დღის საათებში. ვარკეთილის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 10 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 25 ლარს. საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი 1 ბავშვზე 20 ლარს შეადგენს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. ვარკეთილის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 24 10 24; 599 43 41 47
თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
19/02/2017