პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის წამოწყებული რეფორმები მომავლის თბილისზეა გათვლილი და მათი მიზანი ქალაქში არსებული 30-წლიანი ქაოსის დასრულებაა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის ამოცანა პირველივე დღიდან, თბილისში ახალი სიცოცხლის შემოტანა და ქალაქის განვითარებაა.
„ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასე შეიქმნა „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფციაც, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა. კახა კალაძის განცხადებით, მისი, როგორც თბილისის მერის სამომავლო გეგმები თითოეულ რაიონში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას და მათზე მუნიციპალიტეტის ზრუნვის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.
„თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის. მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ წინასაარჩევნო მარათონში, რასაკვირველია, ჩემი სახელი და გვარი გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გუნდი წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ მის წამოწყებას.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი – ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი. ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა კალაძემ.