გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან, ირაკლი გულედანთან ერთად, ამბროლაურის ლაბორატორიაში იმყოფებოდა.
„ჩვენი რეგიონული ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი კვლევებით მომსახურების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, თაფლის კვლევის კომპონენტი ლაბორატორიებში აქტიურად ინერგება; ჩვენი ლაბორატორიული ქსელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობისთვის”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ამბროლაურის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ამბროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს და ლაბორატორიის შესაძლებლობები განიხილეს.
რაჭის რეგიონში, მეწარმეებთან შეხვედრები გაიმართა გადამმუშავებელ საწარმოში „გეო-ფლაუერსი” და თაფლის საწარმოში „რაჭის ნატურალური პროდუქტები”.