თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

02/02/2019

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ათეულობით შეხვედრა გავმართეთ, ძირითადად კონგრესში ჩვენს კოლეგებთან – ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პოლიტიკოსებთან, რომელებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასევე შეაჯამა პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოსთან დაკავშირებით აზრის ჩამოყალიბებაში და საქართველოს რეპუტაციის განსაზღვრაში.
პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გარკვეული კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება.

„ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ყველა აცნობიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშროლობის მნიშვნელობას. მე იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას კონგრესში და ასევე, უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას და შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბუნებრივის მოვლენებს წინა არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს მონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, სადაც განხილული იყო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე განიხილეს დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და მათი დაფინანსების სისტემის გაძლიერების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, იმიტომ, რომ ყველგან, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. არის ძალიან ღრმა გააზრება რუსეთის საფრთხის, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რეგიონისა და მათ შორის, მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდში ჩვენი ამ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახით ყავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარების დიდი მხარდამჭერი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0