თამარ ჟვანია პარტიებს აფრთხილებს, არ გაუწიონ ორგანიზება საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას

08/08/2016

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ასეთი ქმედება ეკრძალებათ, განცხადებას ავრცელებს.
თამარ ჟვანია განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია შეუვალი იქნება და სამართალდარღვევად ჩათვლის იმ პირების ქმედებებს, ვინც საჯაროდ მოახდენენ ან ორგანიზებას გაუწევენ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე პირების მიმართვის გავრცელებას.
ცესკოს თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში.

”წარმოგიდგენთ მოსაზრებას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე, რომელზეც საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).
წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში.
აღნიშნულის მიუხედავად, მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განხილულ იქნას შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
შესაბამისად, მინდა მივმართო საარჩევნო სუბიექტებს, შესაბამისი თანამდებობის პირებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების სრულფასოვან განხორციელებას”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0