დღეს ცესკოში თამარ ჟვანიასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა; ცესკოს თავმჯდომარემ და იანოშ ჰერმანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ მას, მნიშვნელოვანი ასპექტებისა და შესაბამისი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ“ – აღნიშნა შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა.
თამარ ჟვანიამ და ევროკავშირის ელჩმა 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზეც ისაუბრეს და ასევე განიხილეს კორცხელის თემში მომხდარი ინციდენტი.
როგორც იანოშ ჰერმანმა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის განცხადებებს კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, – „ამ ინციდენტის გამოძიება უნდა მოხდეს სრულად; ვფიქრობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის. არ შემიძლია არ დავეთანხმო ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ასეთი მოვლენები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.