თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტის მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს პროგრამული სიახლეებიც. როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე მეორე წელია, სამინისტრო, ბენეფიციარებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების (CGM) შესყიდვას უზრუნველყოფს. ასევე, გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა
ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. შეხვედრაზე, მხარეებმა, დიაბეტის მართვის გაიდლაინის შემუშავებაზეც ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ექიმების გადამზადებას, დაავადების მულტიდისციპლინური მართვის პრინციპების განხორციელებასა და ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა რგოლებს შორის ეფექტურ კოორდინაციას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დიაბეტის მსოფლიო ფონდი, გლობალურად, დიაბეტის პროექტების დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას 119 ქვეყანაში ახორციელებს. პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესებაა.
თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
12/09/2023