საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის დარგობრივი შეთანხმება დაიდება. გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეთა აზრის, კომპეტენციებისა და გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფორმატში, მუხლობრივად იქნა განხილული პროექტი, რის შემდეგაც ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა საერთო პოზიცია.
დარგობრივი შეთანხმების პროექტში ასახულია ყველა ის მიმართულებები, რაც აწესრიგებს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად ხორციელდება. დარგობრივი შეთანხმება სრულყოფაში მოიყვანს სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომით, სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით.