თავდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე და 2023 წლის საიდუმლო, დახურულ აქტივობებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნდობის ჯგუფის სხდომაზე. მინისტრმა, ნდობის ჯგუფის წევრებს, უწყებაში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეებიც განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის უწყების გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებასა და ურთიერთ თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილული საკითხები და თავდაცვის უწყების მიერ განხორციელებული აქტივობები, ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეაფასა.
„შეხვედრაზე 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო შესყიდვები განვიხილეთ, რომელიც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის განვითარებას, შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაციას უკავშირდება. შეხვედრაზე ასევე შევეხეთ 2023 წლის აქტივობებს, კერძოდ ამ აქტივობების საიდუმლო, დახურულ ნაწილს. ნდობის ჯგუფის წევრებმა მინისტრისგან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის, ასევე ნატოსთან თავსებადობის შემდგომი ამაღლების მიზნით ბევრი ქმედითი ნაბიჯი იდგმება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულად ანგარიშვალდებული და წარმატებული უწყებაა, რომლის საქმიანობა სრულად პასუხობს როგორც საზოგადოების, ასევე საქართველოს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
„მინდა თავდაცვის უწყებას, პირადად მინისტრს და მის გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო და თითოეულ ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს მადლობა ვუთხრა სამსახურისთვის“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა.
„ნდობის ჯგუფის ფორმატში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ძირითად თემას მიმდინარე და 2023 წლის შესყიდვები წარმოადგენდა. მადლობა მინდა გადავუხადო ნდობის ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად გამჭვირვალეა პროცესი ხელისუფლებაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ნდობის ჯგუფის სხდომას, ჯგუფის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი, ასევე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.