თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხებს არეგულირებს. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ სარგებლობს იმ სოციალური პაკეტით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის არის განსაზღვრული. საუბარია წელთა ნამსახურობის დანამატზე, წოდებრივ სარგოზე და სახელმწიფო კომპენსაციაზე. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ერთგვარად უთანასწორო მდგომარეობაა შექმნილი და წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა აღმოიფხვრება და უფლებრივ ნაწილში გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სხვა სამართალდამცავი უწყებების მოსამსახურეებს გაუთანაბრდებიან. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები სპეციალური წოდებების დასახელებებსაც შეეხება და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სამხედრო ყაიდის წოდებები შემოვა. კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხებს შეეხება
14/09/2023