თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

Monday April 1st, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. კანონპროექტი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის მაძიებელი ბიზნეს ოპერატორებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის გამარტივებას. წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან ისეთი სახის დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა მოპოვება არსებული პრაქტიკით შეუძლებელია, რთულ პროცედურებთან ან ფინანსებთან არის დაკავშირებული.

„ცვლილება შეეხება სანებართვო ქმედების შესაბამისად ხელშეკრულების ან განზრახულობათა ოქმის ხელშეკრულების დედნის წარმოდგენას. მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე დოკუმენტების წარმოება ელექტრონულია, შესაბამისად, არ ხდება მათი „გადედნება“ რაც სირთულეს ქმნის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლი შესუსტდება, ვინაიდან წარმოსადგენი რჩება ისეთი დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ გარიგება რეალურია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცვლილების თანახმად, სხვა სახელმწიფოდან იმპორტით შემოსულ სამოქალაქო იარაღზე საექსპორტო ნებართვა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაში თუ ხდება იარაღის რეექსპორტი ან ტრანზიტი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, საბოლოო მომხმარებელი იცვლება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომელთაც აქვთ მაღაზია ან შეხება აქვთ იარაღთან და ვაჭრობაში არიან ჩართული, უნდა წარმოადგინონ მოწმობა, რომ იარაღის გამოყენება-შენახვის წესებთან დაკავშირებით გამოცდა აქვთ ჩაბარებული. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიმართულებით წესრიგდება რეგულაციები. მთავრობის მიერ შემუშავდება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ ცვლილებას და მისგან გამომდინარე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0