ზურაბ პატარაძე აგროსერვისცენტრში იმყოფებოდა

03/08/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აგროსერვის ცენტრში საადრეო სასუფრე ყურძნის რთველში მიიღეს მონაწილეობა.

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული. დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს ადგილზე 3000 ძირი სასუფრე ვაზის ნერგი გამოიყვანეს, რომლებიც ფერმერებს მინიმალურ ფასად გადაეცა.

დღესვე სტუმრებმა ცენტრში არსებული სადემონსტრაციო ღვინის სახლი დაათვალიერეს, სადაც ადგილზე მოყვანილი საღვინე ჯიშების მოსავლიდან სადემონსტრაციო ღვინო იწურება. მარანი ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით გაკეთდა.

ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0