ზუგდიდიში ,,ეთნოცენტრი” მოეწყობა

17/02/2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის “ეთნოცენტრი – ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” პრეზენტაცია დღეს გაიმართა. “ეთნოცენტრი” ე.წ. “ფრანგული პარკის” ტერიტორიაზე განთავსდება, მოეწყობა პავილიონები. პროექტის პრეზენტაციას მეწარმეებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია და ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავა დაესწრნენ. პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა რეწვის სწავლების, პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. აღნიშნულ პროექტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყობა რეწვის განვითარებისთვის ერთიანი ცენტრის შექმნას და ტრადიციული რეწვის დარგის გადარჩენა-განვითარებას, რეწვის ოსტატებისა და სამიზნე ჯგუფების უნარების განვითარებას, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას, რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციასა და დაინტერესებული ჯგუფების შეკავშირებას, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0