სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის მეორე ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის უფროსი კოტე ბასარია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა. ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.