ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით კორცხელის თემში შედეგები უცვლელი დარჩა

25/05/2016

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორცხელის თემის #54-ე და #53-ე საარჩევნო უბნებზე 22 მაისის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა.
23 მაისს, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. #53 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერებთან დაკავშირებულ ხარვეზთან მიმართებაში, ასევე თან ერთვოდა ნაციონალური მოძრაობიდან საუბნო საარჩევნო კომისისიის წევრის განსხვავებული აზრი.
საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა მხოლოდ გადათვლის ნაწილში. გადათვლისას, ბიულეტენებისა და მიღებული ხმების რაოდენობა დადგინდა იგივე; ხოლო, ამომრჩეველთა ხელმოწერა აღმოჩნდა ერთით მეტი. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ამომრჩევლების ხელმოწერასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოიფხვრა.
რაც შეეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას, უბნის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარდგენილი ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის დამკვირვებელმაც გადათვლის და უმნიშვნელო ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, მოხსნა მოთხოვნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0