ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით, მოსახლეობამ ვებგვერდზე – www.parking.tbilisi.gov.ge მათთვის სასურველი ავტომობილები უნდა მიუთითოს, რაშიც მათ კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური პავილიონი მოემსახურება.
ფასიანი პარკირებები 3 -A, B და C ზონებად შეიძლება დაიყოს. პარკირების საფასური A ზონაში საათში 1 ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს.
გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:
• 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;
• ელექტრომობილების მფლობელებისთვის;
• შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;
• ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;
თბილისის მერიამ, ფასიანი პარკირების შემოღებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო. „მანის“ მარკის ახალი, მწვანე ფერის ავტობუსების დიდი ნაწილი ძველი თბილისის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე გადანაწილდა.
ლესელიძის ქუჩაზე უკვე მოძრაობენ N50, N55 და N71 მწვანე ავტობუსები. მათთვის უშუალოდ ლესელიძის ქუჩაზე სამი გაჩერება მოეწყო, ასევე გაჩერება განისაზღვრა თავისუფლების მოედანზე, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედაც.